ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება კვლავ დაიძაბა.
სოხუმის ცენტრში დილიდან დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი გბანბას, ცესკოს ხელმძღვანელისა და ძალოვანი მინისტრების გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ისინი არჩევნების მომზადებას ხელს უშლიან. გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერები არიან, თუმცა ბჟანიას შტაბში აქციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნების თარიღის გადაწევის საკითხს დააყენებენ თუ ასლან ბჟანია ავადმყოფობის გამო მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
ასლან ბჟანია მეორე დღეა კრასნოდარის საავადმყოფოში იმყოფება. მოსკოვიდან სოჭში ჩასული დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მას კვლავ მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.