logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების იდეის განხილვა გადაიდო

02 ნოე 202314:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/lh5sr4po6ieleex.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების იდეის განხილვა გადაიდო.

1 ნოემბერს საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის ე.წ. კომიტეტის გაფართოებული სხდომა უნდა გამართულიყო. კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალხას ბარციცამ განაცხადა, რომ შეხვედრა ვერ შედგა საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის არყოფნის გამო.

"სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პლატფორმებზე გვესმის, რომ აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. ამის საფუძველზე დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, მოეწვიათ შესაბამისი უწყება, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკითხათ, რაზე იყო საუბარი", - თქვა ბარციცა.

"გვესმის, რომ დღეს არის სამოკავშირეო სახელმწიფო რუსეთსა და ბელარუსს შორის, მაგრამ შეგვეფერება თუ არა ეს ფორმა, ჩვენი შიდა პროცესების სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენი კონსტიტუციის?.. არის რიგი საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობასა და დეპუტატებს აწუხებთ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ე.წ. კომიტეტის სხდომა შეიძლება მომავალ წელსაც გაიმართოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2021 წელს ისაუბრა, რომ აფხაზეთმა "თავისი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა გააზიაროს". 2022 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად იყო შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ.


close დახურვა