კრემლის პროპაგანდისტული მედია - РИА Новости ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ "რუსეთთან მიერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით" განიხილება.
"ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით", - თქვა მან.
ალბოროვმა ე.წ. რეფერენდუმის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალი და მოსკოვი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ.
"როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ იდეამდე [რეფერენდუმამდე], ჩვენ ამას გავაკეთებთ", - დაამატა ალბოროვმა.
2023 წელს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი გაგზავნილ გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკა მალე შეუერთდება რუსეთს. ამავდროულად, 2022 წლის მაისში კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "რეფერენდუმის" შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას ე.წ. რესპუბლიკის ანექსიისთვის.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი კონკრეტულ წინადადებებს მოსკოვში გააგზავნის, ისინი განიხილება.