რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის მაკავშირებელ ჩონგარის ხიდზე აფეთქება მოხდა.
ხერსონის დე ფაქტო გუბერნატორის ვლადიმირ სალდოს მტკიცებით, თავდასხმისას უკრაინელებმა ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
გარდა ამისა, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები Telegram-არხებზე წერენ, რომ აფეთქების შედეგად ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ დანარჩენ ტერიტორიებს შორის სახმელეთო ხიდის მუშაობა არ შეჩერებულა.
მათივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონს "3 ხიდი აერთიანებს და 1 ხიდის დაზიანებით ლოჯისტიკურ მიმოსვლას ვერ შეაფერხებს".
უკრაინულ მხარეს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.