ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერი, ნატალია ბოსიკოვა ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალან გაგლოევმა ე.წ. უშიშროების საბჭო მოიწვია.
"საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ძალაუფლების სტრუქტურები გადადიან მომსახურების გაძლიერებულ რეჟიმში", - განაცხადა ბოსიკოვამ.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად გუშინვე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".