logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის N7 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

30 სექ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშის და რუსეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გუშინ, 29 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-7 საჯარო სკოლის გაკვეთილიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც სკოლის შესასვლელში განთავსებულ საერთო სტენდზე, მსოფლიო ქვეყნების დროშებთან ერთად გამოფენილი რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დირექტორმა სკოლაში დაიბარა მოსწავლის მშობელი, რომელსაც მომხდარი ფაქტის გამო უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის თქმით, მოკვლევით დადგინდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დროშის სტენდზე გამოკვრით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, რის გამოც დირექტორი თანამდებობას დღესვე დატოვებს.

"გარემოებების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას. სასწავლო რესურსების დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - თქვა განათლების მინისტრმა.

დღეს სკოლის შესასვლელში სტენდი აღარ დგას, ჩამოხსნილია მსოფლიო ქვეყნების დროშები და დარჩენილია მხოლოდ საქართველოს დროშა.


close დახურვა