ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაეროს მიმართავს აფხაზეთს მიენიჭოს "მეთვალყურე" სახელმწიფოს სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
"მეთვალყურე" სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების თხოვნით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა გადასცა გარეოს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსეი ბორისოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ამ მოთხოვნას პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს.
„საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება” - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდა ამისა, გუშინ იტალიის პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, აფხაზეთის საკითხი განიხილეს.
ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ეს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის მცდელობაა, რაც იტალიაში საქართველოს საელჩოს სისუსტეს უსვამს ხაზს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, ოფიციალური იტალია დეპუტატ დალ'ოსოს მიერ გამართულ ღონისძიებას, რომელზეც აფხაზეთის თვითგამორკვევის საკითხი განიხილეს, ემიჯნება და პასუხისმგებლობას დეპუტატს აკისრებს.