ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვა 10 მაისიდან 17 მაისამდე იქნება ძალაში.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ-19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. მანამდე მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა მოქალაქეებს და სატვირთო მანქანების მძღოლებს შეეძლოთ. შეზღუდვები არ ეხებოდა რუს სამხედროებს, მესაზღვრეებსა და გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეებს.
საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, საზღვრის სრულად ჩაკეტვა საჭიროა იმისთვის, რომ უკვე ჩასული ადამიანების კარანტინში მოთავსება და მათი გამოკვლევა მოხდეს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი ინფიცირებული 14 წლის მოზარდია ცხინვალიდან, ასევე ვირუსზე მკურნალობენ დედა და მისი 6 წლის შვილი ახალგორიდან.