ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა. ე.წ. განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.
მდინარე ფსოუზე მდებარე გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა დღეიდან 20 აპრილამდე აიკრძალა. საზღვარზე გადაადგილების უფლება მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე ფედერალური სამსახურის თანამშრომლებსა და სატვირთოს მძღოლებს აქვთ.
„როგორც ბაქტერიოლოგიური ლაობრატორიის შედეგმა აჩვენა, პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გადის. რადგანაც მიმოსვლა უმეტესწილად მოსკოვთან იყო და იქ ახლა კორონავირუსი მძვინვარებს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა აფხაზეთში", - აცხადებს თამაზ ცახნაკია.
დე-ფაქტო რეჟიმმა მდინარე ფსოუზე მიმოსვლის აკრძალვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაგრაში პირველ პაციენტს კოვიდ 19 დაუდგინდა. ის გუშინ გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს.