სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, ინსპექტორის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისივე თქმით, ეს მათი მთავარი რეკომენდაციაა. ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს დასკვნის მომზადებისთვის თავად მიმართა.
- "ეუთო ოდირი აცხადებს, რომ ის პროცესი, რომელიც წარიმართა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს;
- დამოუკიდებელი ინსტიტიტუტების რეგულირების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს;
- ასევე, მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესის, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღოა სეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება;
- ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე;
- ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფოს, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება", - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე.
მანვე დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს, შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.
ნინო ლომჯარიამ, ასევე განმარტა, რომ მათ მიმართეს ეუთო/ოდირს, საკუთარი მანდატის ფარგლებში წარმოედგინა მოსაზრება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს, წარმოდგინათ მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები, ადამიანის უფლებებისა და დამოუკდიებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებს და სტანდარტებს:
"ამას წინ უძღოდა ჩვენი მხრიდან პროცესის აღწერა, ჩვენი მოსაზრებები და ასევე, ჩვენ გავუგზავნეთ მიღებული კანონის არაოფიციალური თარგმანი".
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენიც გაასაჩივრებს.
ომბუდსმენამდე თავად სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
2019 წელს ინსპექტორი საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.
2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კანონის პროექტის განხილვა და ზუსტად ოთხ დღეში მიიღო სამი მოსმენით, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.