საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ისედაც მწირე სერვისების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.
"აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს - ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე", - აღნიშნა მან.
ლევან იოსელიანმა თავის განცხადებაში ამასთანავე ხაზი გაუსვა ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხს და მის მნიშვნელობას.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედი პროგრამები, ამ დრომდე, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.
იოსელიანი ასევე დიდ გამოწვევად ასახელებს ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ამ პროცესის დროული პრევენციის მნიშვნელობას.
ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი.
ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას - მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა.
კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს - ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელწმიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს.
საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული.
სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით."