სახალხო დამცველი ეხმაურება ქსნის #15 ციხის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და აცხადებს, რომ არჩევნების დღეს სწორედ ამ დაწესეულებაში შეუშალეს ხელი მათ წარმომადგენლებს უფლებამოსილების განხორციელებაში.
"საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ აღკვეთა დაწესებულების ადმინისტრაციამ", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი "შემაშფოთებელს" უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოხმაურებას, რომ #15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს "უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს".
ქსნის #15 დაწესებულების უბნის შედეგების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა, სავარაუდოდ, არ იყო მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველი.
საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი ამ საკითხზე და მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა ქსნის ციხეში გახსნილ უბანზე. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა.
31 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მათ რამდენიმე მსჯავრდებულმა #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ვიზიტის დროს მათ თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება.