logo
ENG



ომბუდსმენი: შსს დღემდე ვერ ახერხებს პრაიდის ოფისზე ძალადობრივი ინციდენტების პრევენციას

03 სექ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 
w4t4xvg9zuk9f0e.jpg

ომბუდსმენის განცხადებით, 2020 წლის მაისის შემდეგ თბილისი პრაიდის ოფისთან სისტემატური ხასიათი აქვს კანონსაწინააღმდეგო ფაქტების სერიას რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ. მათი თქმით, ეს გამოიხატება თბილისი პრადის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის ფაქტებში.

პირველ სექტემბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე ეკატერინე სხილაძე თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ომბუდსმენის ცნობით, ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება შეკრებები, რომელზეც ისმის სიძულვილის ენა, პრაიდის აქტივისტების მიმართ ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. 

"ამ განგრძობით ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც თბილისი პრაიდის თანამშრომლებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე, ისე, ზოგადად, ლგბტ+ თემის წევრებზე, ქვიარ ადამიანებსა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სტრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს უშლის მათ მუშაობაში, აღრმავებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას და ახალისებს ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი უწყება დღემდე ვერ ახერხებს ძალადობის პრევენციას და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ინციდენტები ამ დრომდე გრძელდება, რაც ხელს უშლის ორგანიზაციის საქმიანობას", - აცხადებს სახალხო დამცელი. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შედეგად, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია მათ მიერ განხორციელებულ რეაგირების ფაქტებზე. განცხადებაში ჩამოთვლილია 26 მაისიდან დღემდე მომხდარი 4 შემთხვევა.

შსს-ს მტკიცებით, მათ შორის პირველ შემთხვევაზე, ლგბტ დროშის ქურდობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მეორე - დროშის საღებავიტა და კვერცხით დასვრის შემთხვევაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან 3 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით.

მესამე ჯერზე საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე არსებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები. ამ ფაქტზე შსს აცხადებს, რომ დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა და მათ მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები.

მეოთხედ, უკვე აგვისტოს თვეში იგივე განმეორდა თბილისი პრაიდის ოფისზე, რაზეც სამართალდამცავი უწყება კვლავ ამბობს, რომ დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა და შეადგინეს ოქმი. 

ამასთან შსს აცხადებს, რომ თბილისი პრაიდის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის მიზნით მოქალაქეების შეკრებისას, ისინი ყოველთვის ადგილზე პატრულირებენ. 

28 აგვისტოს თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა საჯაროს მიმართეს შსს-სა და ომბუდსმენს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები, ასევე თვალი მიადევნონ ამ მოვლენებს და გამოეხმაურონ. 

"ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისი პრაიდის ოფისი რელიგიური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ინტენსიური თავდასხმების სამიზნეა. თავდასხმები 17 მაისის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება," - აღნიშნული იყო თბილისი პრაიდის განცხადებაში.


close დახურვა