logo
ENG



ომბუდსმენი ანტიკორუფციულზე: დავიწყეთ შესწავლა, როცა გვექნება შესაბამისი პასუხი, გაგცემთ

25 სექ 202414:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/25/8ykbngvro6nen0k.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატმა დაიწყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესწავლა, რომლის თანახმადაც, TI, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.

ომბუდსმენის თქმით, გამოითხოვენ ყველა დოკუმენტს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება მათი პასუხი.

"გუშინ საჯაროდ ჩვენთვის გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია და დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით შესწავლა. ამაზე როცა გვექნება შესაბამისი პასუხი, აუცილებლად გაგცემთ. ამ ეტაპზე, ჩვენ გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რა არგუმენტაცია აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ჩვენი პასუხი. ახლა ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, სანამ საქმე არ იქნება შესწავლილი", - თქვა ომბუდსმენმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.


close დახურვა