სახალხო დამცველი პროკურატურის მიერ ნიკა მელიასთვის შეთავაზებულ გირაოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფორმით უწყებამ მხოლოდ დაადასტურა, თუ რამდენად არ იყო საჭირო პოლიტიკოსის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას საპატიმროს გარეთ ყოფნა არანაირ საფრთხეს არ უქმნის გამოძიების წარმართვას და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კუთხით დასაბუთება აკლდა პროკურატურის პოზიციას სასამართლო პროცესზე.
„პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ისინი თვლიან, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არაა საჭირო გამოძიების წარმართვისთვის. თუ ნიკა იქნება გარეთ და გადაიხდის გირაოს, შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება. ესეიგი ისინი თვლიან, რომ ნიკა შეიძლება ყოფილიყო გარეთ. ეს იყო ომბუდსმენის არგუმენტი, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით. ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.