სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე.
გარდა ამისა, ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით.
სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
"როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.