საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია TV პირველში ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.
"ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მოპოვებულია ჟურნალისტის კონფიდენციალური წყაროს გამოყენებით. ჟურნალისტის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გადასცეს გამოძიებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, პირველ რიგში, დაცულია შიდა კანონმდებლობით. მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა "არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, [..] უფლების ხელყოფას", – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულ 2-გვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
"სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა. კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესად აღიქვამს.
ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში - სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, განჩინების აღსრულება ხომ არ გამოიწვევდა ჟურნალისტის ხელთ არსებული სხვა წყაროს ვინაობის გამჟღავნებას, რაც მეათე მუხლის დარღვევის დამატებითი საფუძველია", – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.
ნინო ლომჯარია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას.
ჩანაწერები
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
თემას გამოეხმაურნენ ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძეც. ჩუბინიძე ამბობს, რომ ჩანაწერი, მისი, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, 2010-2011 წლისაა და ის მოდელირებულია. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდებთან ოჯახებში მივიდა, რასაც იმით ხსნის, რომ როგორც ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მუქარის შემცველ განცხადებებს შეისწავლიდა. ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იქნა მოპოვებული და დანაშაული არა სამი ადამიანის საუბარი, "გნებავთ ჭორაობა", არამედ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, მისი მოდელირება და გავრცელებაა.
ბერა ივანიშვილი კი იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს", რადგან ამას "მნიშვნელობა არ აქვს".
ჩანაწერებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.