სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისთვის გასახსნელად, ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი კარანტინის მოხსნაზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.
ომბუდსმენი გალში, მდინარე ენგურში დღეს, 7 აპრილს ადამიანების გარდაცვალებას ეხმაურება - ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.
სახალხო დამცველი წერს, რომ 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცა.
"თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება გალელი გარკვეული შეღავათი იყო.
თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.
დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად". - აღნიშნავს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც.
როდესაც ეს გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს, ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა .
"უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისათვის გასახსნელად. ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს". - აცხადებს ომბუდსმენი.
ენგურის გადმოცურვის დროს დღეს, 7 აპრილს, სულ 4 ადამიანი დაიღუპა.
ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება.