logo
ENG



ომბუდსმენის აპარატმა 2 ივნისის აქციაზე 5 დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიმართა

16 ივნ 202314:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/9momit3xqb3c702.jpg

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2 ივნისს აქციაზე 5 დაკავებულის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

ომბუდსმენის აპარატის თქმით, საქმეების და მასალების ანალიზმა გამოავლინა, რომ 2 ივნისის აქციაზე 5 დაკავებულის საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის ქმედებები სრულად არაძალადობრივი იყო.

სახალხო დამცველის აპარატის თქმით, დაკავებული მოქალაქეების სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც ასევე ქმნის საშიშროებას, რომ პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად შესაძლოა, დაკვალიფიცირდეს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადება: 

"საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს.

ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ.

ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა და შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები.

მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით.

სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც.“ - წერია განცხადებაში

საქართველოს კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს უფლება, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება, როგორც სასამართლო მეგობარმა. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი არ უნდა იყოს საქმის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. წერილობითი მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში უნდა დაეხმაროს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, ის მას არ განიხილავს.

სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება. ეს მოსაზრება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

3 ივნისს აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. ბათუმში, ევროპის მოედანზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავაპოლიცია მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა და 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა. 


close დახურვა