უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელმა დამცველებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
"დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია - უკრაინის დამცველთა დღე... თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე 1620 დასახლება გათავისუფლდა," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის ცნობით, მხოლოდ ხერსონის რეგიონში 75 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით გრძელდება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ხერსონის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1170 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათ შორის ტერნის, ოპიტნეს, ვესელეს, ნეველსკეს, ოდრადივკას, ივანჰრადის, ბახმუტის, ნოვა კამიანკას და სუჰი სტავოკის დასახლებულ პუნქტებში.