რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეებმა ონში, ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ იქ 24-საათიანი მორიგეობა დაწესდება.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ინფორმაცია, რომ ლიცენზია გაუქმდა, ტყუილია და ის ხალხში პროტესტის მუხტის შემცირებას ისახავს მიზნად.
"ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა რაჭაში ბოლო ორი წელია უკვე. გადაეცა დავით ხიდაშელს უპრეცედენტოდ დიდი ტერიტორია და ამასთან დაკავშირებით, გამართულა კიდეც აქ შეხვედრები. ახლა უკვე იქამდე არიან მისულები, რომ ეშინიათ პროტესტის აზვირთების და დადიან და თვითონ ავრცელებენ ტყუილებს, რომ ვითომ, ლიცენზია გაუქმდა. მეტს არაფერს ვითხოვთ - თუ გაუქმდა, გვაჩვენონ საბუთი, რომ გაუქმდა.
არც ლიცენზიაა გაუქმებული და მეორე მხრივ, ის დაცული ტერიტორიები, რომელიც გადმოგვიგდეს ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, რომ თითქოს ესენი რაჭას იცავენ და წუხან ამ ტერიტორიების გამო, რომ ეს შემდეგ გადაეკვეთა მოსახლეობის საარსებო გარემოს, სადაც ხალხი ცხოვრობს და იმ ტყეებს, რომელიც მათ ესაზღვრებათ, ახლა, რა თქმა უნდა, ადამიანები უკმაყოფილოები არიან, ვისაც შეეზღუდა წვდომა ტყეებზე და ვითხოვთ გაუქმებას", - აცხადებს გოლეთიანი.
მისი თქმით, გაშლილ კარავში მორიგეობა დღეიდან დაიწყება და ღამეს გაათევენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
"გთხოვთ, ვინც როდის შეძლებთ მოსვლას, თვეში ერთხელ რომ იყოს, ჩვენთვის იქნება დახმარება და გამარტივება".
***
13 სექტემბერს გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერდა.
"განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში", - აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიას ამ დრომდე არ წარუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, ხოლო მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.
სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.
ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.