თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია. როგორც საგანგებო განცხადებაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჯიჰადისტების მეთაურმა თავი აიფეთქა.
მისივე თქმით, ის ოპერაციას შტაბიდან უყურებდა და ყველაფერი ფილმივით იყო.
ისლამური დაჯგუფებების მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი სისტემაში ფუნდამენტურად ვერაფერს შეცვლის. სამაგიეროდ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის გამარჯვებაში დიდ როლს შეასრულებს.
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, მისი 11 შვილი და თანამოაზრეები ერთ-ერთ შენობაში აფარებდნენ თავს. ამერიკელ სპეცრაზმელებს ოპერაციის ჩასატარებლად ორი საათი დასჭირდათ. გავრცელებული ცნობით, დესანტი სახლთან ახლოს ჩამოსხეს, რამდენიმე ბავშვი ტერიტორიიდან ადრევე გაიყვანეს, თავად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ კი გაქცევა ერთ-ერთი მიწისქვეშა გვირაბით სცადა, თუმცა ვერ მოახერხა და თავი აიფეთქა. მასთან ერთად მისი სამი შვილიც დაიღუპა.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი საჯაროდ ბოლოს 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც მოსულის ერთ-ერთ მეჩეთში ერაყსა და სირიაში ხალიფატის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. მას შემდეგ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ოფიციალურად ცნობა არც ერთხელ დადასტურებულა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოვნისთვის ჯილდოდ 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. მისი ლიდერობის 5-წლიან პერიოდში ისლამის სახელმწიფოს მიერ ევროპასა და აზიაში ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.