logo
ENG



ოპოზიცია 20-21 ივნისის საქმეში არსებული ჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს

03 აპრ 202021:15
3 წუთის საკითხავი
clock 389

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში, ძირითადი ყურადღება 20-21 ივნისის საქმესაც ეთმობა. ომბუდსმენმა საქმის მასალები შეისწავლა, მათ შორის რაციის ჩანაწერები, სადაც არ ისმის ვინ გასცემს სროლის ბრძანებას. 

სპეცრაზმელები ჩვენებებში ამბობენ, რომ ცრემლსადენი ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გაიცა, რეზინის ტყვიები კი მხოლოდ საკუთარი შეხედულებით გამოიყენეს. თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ არსებობდა საიდუმლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა, მათ შორის, გაზის ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ მისი აკრძალვის ბრძანება რამდენჯერმე გასცა, თუმცა ტყვიები მაინც გაისროლეს.

მაკო გომური, რომელმაც სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, დარწმუნებულია, რომ გამოძიება მტკიცებულებებს მალავს. მას არ სჯერა, რომ ბრძანების გამცემი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუგებარია, რატომ დააწინაურეს მინისტრი.

მოძრაობა „სირცხვილიაში“ არ გამორიცხავენ, რომ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება შუშის სასახლიდან გაიცა. მათი შეფასებით, მოქმედების როგორი სცენარიც არ უნდა ყოფილიყო, მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოები და რაციის ჩანაწერები, ბოლომდე შესწავლილი არაა. ომბუდსმენის დასკვნა, ოპოზიციას კიდევ უფრო უმყარებს ვარაუდს, რომ მთავრობა პასუხისმგებლობის რიგით სპეცრაზმელებზე გადატანას ცდილობს და მტკიცებულებებს მალავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ 20 ივნისის ღამით მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდა. სალომე სამადაშვილი საქმეში არსებული ჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს. მთავრობაში კი კითხვები არ აქვთ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სპეცრაზმელები კანონის დაცვით მოქმედებდნენ და აქციის მონაწილეებისგან თავს იცავდნენ.

20-21 ივნისის ღამით 200-მდე სამართალდამცავმა აქციის მონაწილეების დასაშლელად 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი, 800-მდე რეზინის ტყვია გამოიყენა. თუმცა გამოძიების დაწყებიდან 9 თვის თავზეც არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელ პირთა წრე. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას დროულად ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

 

 

 

 


close დახურვა