„ნაციონალური მოძრაობის" ახალ გადაწყვეტილებას ოპოზიციის წევრები ეხმიანებიან.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსის დათმობა პარტიისაგან წინგადადგმული ნაბიჯია. "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ თბილისის მაჟორიტარებზე გაერთიანებული ოპოზიცია უახლოეს მომავალში შეთანხმდება.
"ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახლა ამას უკვე საქმე მოჰყვება, და ძალიან მალე შევთანხმდებით პირველ რიგში თბილისზე, შემდეგ კი რეგიონებში", - აღნიშნა კაპანაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, დადებითად აფასებს.
დადებითი არის, რომ "ნაციონალური მოძრაობამ" უარი თქვა 6 ოლქში თავისი კანდიდატის წარდგენაზე. ვფიქრობ, რომ თუ ეს შეთანხმება შედგება სხვადასხვა პარტიებს შორის, ჩვენ სიამოვნებით დისკუსიებს დავესწრებით, მოვისმენთ არგუმენტებს და შევჯერდებით რაღაც ფორმულაზე, და შევძლებთ "ქართული ოცნების" კანდიდატების დამარცხებას პირველივე ტურში", - ამბობს ჯაფარიძე.
მათ პოზიციის იზიარებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და ამბობს, რომ ოპოზიცია აღნიშულ საკითხზე ერთსულოვანი უნდა იყოს.
"ნიკა მელიას განცხადება იყო ადეკვატური და სწორი. იყო სევე პოზიტიური და ხელშემწყობი. სავსებით მისაღებია ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია 8 ოლქიდან 6-ზე უარს ამბობს, და მაჟორიტარებს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს.