logo
ENG



ოპოზიცია კორონავირუსზე: ხელისუფლება ცდილობს რაღაცის გაკეთებას, მაგრამ საკმაოდ ნელა

19 მარ 202009:05
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერები და დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რიგ შემთხვევებში მმართველი გუნდი სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებს. მათი თქმით, ის რეკომენდაციები, რაც მთავრობისგან გაიცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„ლელო საქართველოსთვის" წევრის ვატო სურგულაძის თქმით, ტრანსპორტის ნაწილობრივ აკრძალვა პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად კორონავირუსის გავრცელების რისკს გაზრდის.

"ყველა რეგულაცია უნდა ძალიან გამკაცრდეს. ეს აღარ უნდა ატარებდეს რეკომენდაციის სახეს. ყველგან უნდა გამკაცრდეს რეგულაცია, მათ შორის ბანკებსა და სუპერმარკეტებში. ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს რაღაცის გაკეთებას, მაგრამ საკმაოდ ნელა და ვაგვიანებთ. არ უნდა ელოდოს პიკის დადგომას", - აღნიშნა სურგულაძემ.

"ევროპული საქართველო" კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რაც აქვს ჯანდაცვის სფეროს კორონავირუსის გამო, არის ასევე ეკონომიკური ეფექტი. ამის ინდიკატორი ლარის კურსია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება  და ფასები, რომლებიც იზრდება. ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.


close დახურვა