logo
ENG



ოპოზიცია რუსეთის მოთხოვნაზე:ლუგარი რომც დაათვალიერონ, მათი რიტორიკა მაინც მტრული იქნება

28 მაი 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსეთის სამიზნეა. მოსკოვი რუსი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანას და ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლებას ითხოვს. ასევე,  რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე სურს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ძალიან მკვეთრი უნდა იყოს და თუ რუსეთის წარმომადგენლებს მიეცემათ ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება, ეს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს.

„ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან პრინციპული და მტკიცე. არსებობს შესაბამისი საერთაშორისო საერთაშორისო მექანიზმი, რომ რუსეთმა ამ მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა და შესაძლოა, მიიღოს მონაწილეობა რუსმა ექსპერტებმაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე სხვა პასუხი და განხილვაში შესვლაც კი, რომ რუს ექსპერტებს მიეცეთ შესაძლებლობა დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ. ეს იქნება პირდაპირ ცეცხლზე ნავთის დასხმა რუსული პროპაგანდისთვის“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულის საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი მოთხოვნები ახალი არ არის. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება რომც მიეცეთ, მათი პოზიცია არ შეიცვლება და რიტორიკა იგივე დარჩება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სწორი რიტორიკა და პასუხები იმ ვითომ შემოთავაზებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ისმის. არანაირი საიდუმლოება ლუგარის ლაბორატორიაში არ არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, მათი რიტორიკა მაინც იქნება მტრული. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ რიტორიკას დაუპირისპირდეს ხელისუფლება მათ შორის ქვეყნის შიგნით და არ წაახალისოს ისეთი ძალების წახალისება, რომლებიც პირდაპირ ფლაგმანად იღებენ ხოლმე ანტილუგარულ თუ სხვა ანტიდასავლურ პროპაგანდას და შემდეგ ამას აფრიალებენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ამ საკითხზე ისაუბრა ასევე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მან აღნიშნა, რომ თუ ოკუპანტი ქვეყნისთვის ლუგართან დაკავშირებით  მითები არსებობს, უმჯობესი იქნება წარმომადგენელი გამოყონ და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნონ.  

„იყო შეთავაზება ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელის, გამყრელიძის მხრიდან, რომელმაც მოიპატიჟა დაინტერესებული პირები. თუ ეს არის რაღაც მითი ოკუპანტი ქვეყნისთვის და ჰგონიათ, რომ აქ რაღაც საოცრება ხდება, ალბათ უმჯობესია, რომ ვინმე გამოყონ, ვინც ნახავს რა არის ამ ლაბორატორიაში და დარწმუნდება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც ასეთი ტიპის გამოწვევების დროს შესაძლებელია იყოს მთავარი ფუნქციის შემსრულებელი. ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ბესელიამ.


close დახურვა