logo
ENG



ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: უნდა ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ დაპირებას არ გაექცეს

15 მაი 202014:58
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება სრულფასოვნად არ იქნება შესრულებული, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. გარდა ამისა, ისინი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური ფასის გადახდაზეც საუბრობენ. 

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორედ ჩაგდებას ცდილობს, თუმცა როგორც დეპუტატი განმარტავს, ამას ოპოზიციაზე გადაბრალებით აპირებს. 

"თუკი ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების სასამართლო სისტემის დანაშაულებრივი გამოყენებით დევნას, რა თქმა უნდა ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამიტომ ივანიშვილს ეს ძალიან კარგად ესმის. არავინ დაიჯერებს დღეს, ოპოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალებას, ისივე როგორც არავის სჯერა, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ, რომ თავის დროზე ბერაიამ და ხუნდაძემ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მმართველი გუნდიდან წამოსული დეპუტატი ეკა ბესელია კი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხმა ცვლილებების მისაღებად საკმარისი არ იქნება, მათ მხარს თვითონ დაუჭერს. ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 2020 წლის არჩევნებზე კონკურენტულ გარემოს ვერ ხედავს. 

"მათ სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა შესრულდეს ის შეთანხმება, რომელიც დადო "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. იმისთვის რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად სურს თუ არა მმართველ გუნდს აღებული ვალდებულებების შესრულება, მან კენჭისყრაზე უნდა დასვას ეს საკითხი. თუ სხდომაზე უმრავლესობას ხმები არ ეყოფა და საჭირო იქნება ჩვენი ხმები, იმისთვის რომ ცვლილება გავიდეს, მე პირადად ვფიქრობ, რომ ხმა უნდა მივცე. უნდა ვაიძულოთ ოცნება, რომ დაპირებას არ გაექცეს და შეასრულოს ის ვალდებულება რომელიც დადო. ამით ეშველებათ იმ პატიმრებს, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს. სისტემის ცვლილების გარეშე რთული იქნება კონკურენტული გარემოს შექმნა ამ არჩევნებზე", - აღნიშნა ბესელიამ. 

საქმეში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდიდან წამოსული კიდევ ერთი დეპუტატი. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობაში საკმარისი ხმებია, რათა ცვლილება არ ჩავარდეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას მხარს "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატი დაუჭერს. 

"საქართველოს პარლამენტში არის საკმარისი ხმები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობის ყველა წევრი ხმას მისცემს ამ ცვლილებებს. გუშინ თუ გვესმოდა განცხადებები, რომ ისინი სრულად აპირებენ მხარის დაჭერას, დღეს უკვე რამდენიმე წევრმა თქვა, რომ არ აპირებენ მხარდაჭერას. ეს ძალიან მახსენებს ნოემბრის მოვლენებს. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება და შეუძლია 3-დან 2 მსჯავრდებულის შეწყალება, რადგან 2 პირს უკვე აქვს მისჯილი პატიმრობა. შესაბამისად მათ მიმართ შესაძლებელია შეწყალება", - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აღნიშნულ საკითხს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმაურებიან და მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ თუ შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს და დაუჭერენ. 


close დახურვა