ოპოზიცია რიგგარეშე საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს. 5 პარტიის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერ კახა კალაძეს იბარებენ.
ისინი კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე იბარებენ.
"სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე და დავსვათ კითხვები, რომლებიც არსებობს. დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრული შემადგენლობა, ყველა ოპოზიციური პარტია, 5 ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია თბილისის საკრებულოში და დამოუკიდებელი დეპუტატები, კიდევ ერთხელ, ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს, 11 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს, რომლებიც არსებობს და გაგვცემს პასუხებს", - თქვა საბა ბუაძემ.
***
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.