logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებაში ადანაშაულებს

28 იან 202020:48
3 წუთის საკითხავი
 

შსს მინისტრი ლევან იზორიას ძმის ქმედებას დანაშაულად არ თვლის. მისი აზრით პოლიციელისთვის ფორმის გახდის მუქარა კანონდარღვევას არ წარმოადგენს. გომელაურმა დღეს დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ იცოდა. ის 2014 წელს მომხდარ ინციდენტში იმ პოლიციელის ბრალეულობას ხედავს, ვინც კიტა იზორია დააკავა. შს მინისტრი, რომელიც იმ დროს მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ფიქრობს, რომ პატრულ-ინსპექტორს  გენერალური ინსპექციისთვის უნდა მიემართა და ვიდეო გასულ კვირას არ უნდა გაესაჯაროვებინა

მაიორი გიორგი დვალიშვილი მინისტრს კანონის ცოდნას უწუნებს და მის დღევანდელ განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. დვალიშვილისთვის ირონიულია მინისტრის შეკითხვა. გომელაურის საპასუხოდ ამბობს, რომ 2014 წელს მის მიერ დაკავებული კიტა იზორიას გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მისმა უშუალო ხელმძღვანელებმა აიღეს და ფაქტი მინისტრმა და მოადგილეებმაც იცოდნენ. დვალიშვილს იმ დროს გენერალური ინსპექციის მხრიდან რეაგირების მოლოდინი არ ჰქონდა. 

შს მინისტრის განცხადება საგანგაშოა მესამე სექტორისთვის. არასამთავრობოები მინისტრს მხოლოდ იმაში ეთანხმებიან, რომ სისტემას დამატებით კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. 

ხელისუფლების ოპონენტები კი „ქართულ ოცნებას“ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებასა  და პოლიციის როლის დაკნინებაში ადანაშაულებენ. 

გიორგი დვალიშვილმა კადრების გასაჯაროვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მისგან 2014 წლის ვიდეოჩანაწერის უკანონოდ გაცემა მოითხოვა. მაიორის თქმით, კახა ბუხრაძემ უარის შემდეგ მისგან პატაკის დაწერა რამდენჯერმე მოითხოვა, ბოლოს კი მისი გვარი კადრების განყოფილებას გადასცა. მომხდარის შესახებ დვალიშვილმა მინისტრს წერილობით ორჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კი მაიორმა საკუთარი უფლებების დაცვა პროკურატურისთვის მიმართვით სცადა.


close დახურვა