logo
ENG



ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებები დღეს, 15:00 საათზე განახლდება

18 მარ 202112:08
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებები დღეს, 15:00 საათზე განახლდება. ინფორმაცია ფორმულასთვის გახდა ცნობილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონთან და აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე იმყოფება.

როგორც შვედი დიპლომატი ამბობს, პროგრესისთვის მუშაობა კვლავ გრძელდება და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ მხარეებს.

„მე ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რასაც ახლა ვაკეთებ, ესაა მედიაციის მცდელობა და პროგრესი ამ მიმართულებით. ვაპირებ, სიღრმისეულად ვიმუშაოთ დღესაც ისევე, როგორც გუშინ. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო და გასაკეთებელი", - ამბობს დანიელსონი.

შვედი დიპლომატის შუამავლობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ, 17 მარტს გამართული შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდებოდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეხვედრა რთული და მძიმე იყო. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი შეხვედრა "ძალიან კარგად" შეაფასეს. 

17 მარტის შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რიგით პირველ თემებად არ განიხილება. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდა განეხილა. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა