ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრა - ამ სახელწოდებით პარტია „გირჩის" ოფისში დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარები გაკეთდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პროპორციული საარჩევნო სისტემაა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გირჩის ფეისბუქ-გვერდზე გადაიცემოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა არსებობდეს და თუ ხელისუფლება დასთანხმდება რაიმე მოდელს, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, ოპოზიცია მზად არის მის მისაღებად.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი ციფრებზე ვაჭრობა კი არ არის, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა არსებობდეს ქვეყანაში. თუ ხელისუფლება დათანხმდება რაიმე იმ მოდელს, რომელიც რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ბუნებრივია ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მივიღოთ ეს წინადადება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პროცესები რთულად მიდის, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, იმაში რომ საბოლოო შედეგს მაინც მიაღწევენ.
„მათ უნდათ რომ 30-35%-ით 10 ხმა და ამით უმრავლესობა მიიღონ, ეს არის ძალადობა ხალხზე და ეს ბუნებრივია, არც იქნება განხილული. ძნელად მიდის პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ გამოუსწორებელი ოპტიმისტები და გვჯერა, რომ მივაღწევთ შედეგს და თუ მაინც და მაინც შედეგი არ დადგა, აქედან დაზიანებული გამოვა ხელისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ქართული ოცნების ინტერესშია, რომ საზოგადოებას და ოპოზიციას მოუსმინოს, სხვა შემთხვევაში დგება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი.
„სხვა გზა არ აქვს ქართულ ოცნებას, გარდა იმისა, რომ მოუსმინოს ოპონენტებს, ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს. არ იზამს ამას? მაშინ არჩევნების ლეგიტიმაციის სააკითხი დგება და ამას, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გაააკეთებენ. ჩვენი სამოქმედო გეგმა - 4-ში ვართ პარლამენტთან და ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.