სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს დღეს პარლამენტში უსმენენ. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.
ოპოზიციის წევრები კაკაბაძეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. ამაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებმა, ვლადიმერი კაკაბაძეს შეკითხვები, მის მიერ განხილული „ფილიპ მორისის“ საქმეზე დაუსვეს.
როგორც ცნობილია, მოსამართლემ „ფილიპ მორისს“ დააკისრა დიდი რაოდენობით ჯარიმის გადახდა, მისი კონკურენტი ფირმის, „თბილისის თამბაქოსთვის“ მიყენებული ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად.
ამის შემდეგ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ფადი ასლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ორ ინსტანციაში მოიგო კიდეც ეს დავა და უზენაესმა სასამართლომ მისი ეს სარჩელი აღარ დააკმაყოფილა. მოსამართლე ამბობს, რომ ის აპირებს, დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ღირსების შელახვისთვის გააგრძელოს.
რაც შეეხება შესაძლო კორუფციას, ამაზე ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა იკითხეს ჰქონდა თუ არა მასზე გავლენა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს საქმის განხილვისას და სწორედ აქედან გაჩნდა ვარაუდი, რომ გარკვეული კორუფციული გარიგება მათ შორის არსებობდა.
უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, კიდევ ერთი საქმეზე დაუსვეს კითხვები, ეს არის საავიაციო ქარხანა - როდესაც საავიაციო ქარხნის აქციონერებმა ეკონომიკის სამინისტროში, ქარხანა სახელმწიფოს გადაუფორმეს, მათ აინტერესებდათ, რატომ მიიჩნია მოსამართლემ მართებულად ეს გადაწყვეტილება, რაზეც მოსამართლემ, განმარტა, რომ ამ ქარხანას დიდი დავალიანება ჰქონდა, გარდა ამისა ეს იყო სტრატეგიული ობიექტი და გაყიდვას ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
ამ საკითხზე, კითხვები მას პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ პირადი მაგალითის დახმარებით დაუსვა, კერძოდ რამდენად სურს, საკუთარი ქონება სახელმწიფოს გადაუფორმოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა რომ ამის სურვილი არ გააჩნია.
„თქვენი გადაწყვეტილებაა 2016 წელს, რომ ამ ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ სახელმწიფოსთვის რაღაცის ჩუქების და განაცხადეთ, რომ ვერ ხედავდით, ამაში აღმაშფოთებელს,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
რაზეც უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ვლადიმერ კაკაბაძემ განაცხადა: „ჩვენ არცერთ მოსამართლეს არ ჩამოგვიყალიბდა იმის რწმენა, რომ იქ იყო რაღაც კანონდარღვევა. ეს მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ.“
მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვა გაუჩნდა ლევან გოგიჩაიშვილსაც, მან კაკაბაძეს ჰკითხა გააჩნია თუ არა საქათველოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა.
„თავისთავად ცხადია, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა გაგვაჩნია,“ - განაცხადა კაკაბაძემ.
გოგიჩაიშვილის თქმით, მსგავსი კანონი საქართველოს არ გააჩნია და არ უნდა, რომ საქართველოს უზენაეს სასამრთლოს ჰყავდეს უვადო მოსამართლე, რომელიც შემჩნეულია მიკერძოებაში და კორუფციაში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კაკაბაძე უკვე მეათე კანდიდატია უზენაესი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან რომელსაც უნდა გაესაუბრონ პარლამენტარები.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი