logo
ENG



ოპოზიციონერ ბლოგერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს ბელარუსის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

14 დეკ 202116:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/14/37blmyipfwjnxrb.jpg

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ბლოგერსა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

ტიხანოვსკის სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი გაასამართლეს. ტიხანოვსკის იუთუბარხის ოპერატორს, არტემ საკოვსა და პროექტის სოცქსელების მოდერატორს დმიტრი პოპოვს 16-16 წელი მიუსაჯეს, იუთუბარხ MozgON-ის ავტორს, ვლადიმირ ციგანოვიჩსა და ერთ-ერთი ტელეგრამარხის ავტორს, იგორ ლოსიკს - 15-15 წელი, ხოლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ნიკოლაი სტატკევიჩს - 14 წელი.

ბელარუსის საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, ბრალდებულები დიდი ხნის განმავლობაში მასობრივ არეულობას გეგმავდნენ. სასამართლო პროცესი ამ წლის ივნისში დაიწყო და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადვოკატებს კი გაუთქმელობის პირობა ჰქონდათ დადებული.

ტიხანოვსკის სისხლის სამართლის ოთხი მუხლით წაუყენეს ბრალი: მასობრივი არეულობის ორგანიზება; ისეთი ქმედებების ორგანიზება და მომზადება, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლას და სიძულვილის გაღვივებას.

განაჩენის გამოცხადების დღეს, სერგეი ტიხანოვსკის ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევენ, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"ერთი წელი, 20, 100 - ეს უკანონოა, ეს ის არაა, რასაც უნდა შეეგუო. ამიტომაც ე.წ. განაჩენის შეფასებისას მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ საკუთარ თავს: რას გავაკეთებ ამ ახალი ამბით? გავაგრძელებ იმ ადამიანის დაცვას, რომელიც მიყვარს და რომელიც მილიონობით ბელარუსის ლიდერი გახდა", - თქვა მან.

სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის მაისში დააკავეს, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. უშუალოდ მისი კანდიდატურა კი ცესკომ დაბლოკა: ტოხანოვსკი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო და არ შეეძლო საინიციატივო ჯგუფი თვითონ დაერეგისტრირებინა.

ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად მეექვსე ვადით ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, რომელსაც ხმების 80 პროცენტი მიაწერა. დასავლეთმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და მასობრივ ფალსიფიკაციასა და რეპრესიებზე მიუთითა.

არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაია იძულებული გახდა ლიეტუვაში გაქცეულიყო. გასული წლის აგვისტოში კი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები, უკანონო დაკავებები და ოპოზიციონერების დევნა მოჰყვა.


close დახურვა