ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე არ უშვებენ. სხდომაზე შესვლას ითხოვენ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე.
"ეს არის მხდალი, ლაჩარი და რაც მთავარია, რუსული ინტერესების გამტარებელი ადამიანების რეალური სახე. აბსოლუტურად მშვიდად მოვდივართ, ხედავთ. ჟურნალისტებსაც ხო შეზღუდული აქვთ გადაადგილება, ყველას შეზღუდული აქვს. უამრავი არაუფლებამოსილი პირია, კაცი ვერ გაიგებს ვინ არის ამ შენობაში. ყველა სპეცსამსახურია მობილიზებული", - აცხადებს ვაშაძე.
წითლიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერი დეპუტატების ბიუროს სხდომაზე დაშვების ეშინია.
"პარლამენტის თავმდომარეს, რომელსაც ახლა ეშინია რამდენიმე დეპუტატის, რომ ბიუროზე დაგვიშვას, ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის ერთი შეშინებული ადამიანი, რომელსაც ახლა ბიუროს ჩასატარებლად დასჭირდა ძალოვნების მობილიზაცია, ეს არ არის ხელისუფლება", - ამბობს წითლიძე.
