logo
ENG



ოპოზიციონერი დეპუტატები: მოვითხოვთ რეაგირებას ძალადობის ყველა შემთხვევაზე

18 აპრ 202416:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/eyjqm7yj1hcdu50.jpg

ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ პარლამენტი ბრიფინგზე განაცხადეს. 

ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური ძალადობა ნორმად აქცია რუსულმა ხელისუფლებამ და ახლა ბიძინა ივანიშვილიც იგივეს ცდილობს. 

"პოლიტიკური ძალადობა გახადა უკვე ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდეც. და ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ იმავე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს თუ შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია ლელოს გენერალური მდივანი, რომელიც ახლაც პატიმრობაშია. ბატონ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ჩვენ ყველას გვახსოვს. თვითონ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხნენ თავს ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ გაუსწორდნენ დეპუტატებს პარლამენტის გარეთ?

არავის ეშინია არანაირი ძალადობის და ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ძალადობის ყველა შემთხვევაზე, მათ შორის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმას", - განაცხადა მან. 

ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოცნების ხელისუფლების პირობებში პოლიცია სადამსჯელო ჯგუფად იქცა, რომელმაც შური იძია მათ შორის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. 

"ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და პოლიციას, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის ინტერესს", - აღნიშნა მან. 

ალეკო ელისაშვილი გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მას დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა აქვს. დეპუტატს დაზიანებები აღენიშნება სახეზეც. 

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

 


close დახურვა