logo
ENG



ოპოზიციონერი დეპუტატები კობახიძეს ხვდებიან

15 დეკ 202117:11
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და პარტიის სხვა ლიდერებს ხვდებიან.

შეხვედრიდან უკვე გამოვიდა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.

ვაშაძის თანახმად, ქართული ოცნებისგან აინტერსებდათ, რას ფიქრობენ საარჩევნო სისტემასთან და ბარიერთან დაკავშირებით. ის ამტკიცებს, რომ სხვა თემებზე არ უსაუბრიათ. 

"არაფერი პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ გვინდოდა, მოგვესმინა, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა ქართულ ოცნებას. ყოველ შემთხვევაში რასაც გვეუბნებიან - 2%-იანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და მეორე, ვთქვათ, ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს მაგალითად 2028 წელზეც, ანუ უფრო დიდხანს გავრცელდეს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში. მანამდე იყოს 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30-ზე პრინციპი", - განაცხადა ვაშაძემ.

ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე და გავცვალეთ ჩვენი პოზიციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, რომელიც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ეს იყო პირველი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები", - თქვა ჯაფარიძემ.

30 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. 

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".


close დახურვა