პარასკევს თურქეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატი ოპოზიციონერს თავს დაესხა. დებატები ფიზიკურ დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც ოპოზოციონერი კანონმდებელი ტრიბუნიდან მოუწოდებდა, პარლამენტში დაეშვათ მისი კოლეგა, რომელიც ციხეში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზების ბრალდებით ზის.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მმართველი AKP-ის პარტიის წევრი მიუახლოვდა ოპოზიციონერ აჰმეტ სიკს და მას ხელით შეეხო, ამის შემდეგ ჩხუბში კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩაერთო. სპიკერის ტრიბუნის თეთრ კიბეებზე სისხლის კვალი შეიმჩნეოდა.
ჩან ატალაის 2022 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს გეზის პარკში საპროტესტო აქციების ორგანიზებით ხელისუფლების დამხობაში დასდეს ბრალი. მასთან ერთად დაკავებულია ფილანტროპი ოსმან კავალი, რომელიც ასევე ციხეში იმყოფება, და კიდევ ექვსი ადამიანი. ყველა მათგანი ბრალს უარყოფს.
პატიმრობის მიუხედავად, ატალაი გასული წლის მაისში პარლამენტში თურქეთის მუშათა პარტიიდან (TIP) აირჩიეს. პარლამენტმა მას მანდატი ჩამოართვა, თუმცა პირველ აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი გარიცხვა ბათილად ცნო.
"არ გვიკვირს, რომ ჩან ატალაის ტერორისტს უწოდებთ, როგორც ყველას, ვინც თქვენს მხარეს არაა", - განაცხადა დეპუტატმა სიკმა გამოსვლის დროს.
"მაგრამ ყველაზე დიდი ტერორისტები ამ სავარძლებში სხედან", - თქვა მან.
ჩხუბის შემდეგ ვიცე-სპიკერმა შესვენება გამოაცხადა. სამსაათიანი დაყოვნების შემდეგ სხდომა უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაგრძელდა.
ოპოზიციონერების შეფასებით, მმართველი პარტია ძალადობის გზით მათ გაჩუმებას ცდილობს.