logo
ENG



ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება

13 დეკ 202319:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/13/ubb19cmqp2f4rfq.png

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც - ნაწილი ადგილზე უკვე მივიდა.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, გასულ დღეებში მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოწვევას არ იღებდნენ და ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ. უცნობია, მივა თუ არა ორბელიანების სასახლეში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელს არ მოაწერდა მანამ, სანამ იქ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არ იქნებოდა.

პარალელურად, სასახლესთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები - ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, "საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე".

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პეტიციას მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, ის ხელმოწერას მიიტანს და ღონისძიებას დაესწრება.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.


close დახურვა