logo
ENG



ორი გარდაცვლილი და 6 700 დაპატიმრებული - ბელარუსში სახალხო პროტესტის მეხუთე დღეა

13 აგვ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

ორი გარდაცვლილი და 6 700 დაპატიმრებული- ბელარუსში სახალხო პროტესტის მეხუთე დღეა. მინსკის ქუჩებში  სოლიდარობის აქციები იმართება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკოსთა რიცხვი კი მატულობს. პოსტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო არხების წამყვანები და ჟურნალისტები ტოვებენ.

მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალის გამოყენების პროტესტის ნიშნად კი სპეცრაზმელები და მილიციელები უნიფორმებს წვავენ. ბელარუსი საერთაშორისო გაერთიანების მორიგი სანქციების მოლოდინშია.  

ყვავილები ტყვიების ნაცვლად - ამ ლოზუნგით მინსკის ქუჩებში დილიდან აქცია იმართება. დემონსტრანტებმა  ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სამართალდამცველთა  მხრიდან ძალის გამოყენებას და მასობრივ დაპატიმრებებს აპროტესტებენ. დღეს აქციების მეხუთე დღეა და უკვე  6 700 ადამიანია დაპატიმრებული. მათი ნაწილი სპორტდარბაზებში მოათავსეს, რადგან ციხეებში ადგილები აღარ არის. 

სახალხო პროტესტს შეუერთდნენ სახელმწიფო საწარმოების და ქარხნების თანამშრომლები. ისინი ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და მილიციის სპეცდანიშნულების რაზმების ქუჩებიდან გაყვანას მოითხოვდნენ. 

მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გააპროტესტეს თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. გადადგა ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე და ასევე პრეს-სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ დაგმეს დასავლეთში. გაერო ბელარუსის სამართალდამცველ უწყებებს გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ლიზა თროსელი აცხადებს, რომ ხალხს აქვს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება.

"ხალხს აქვს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ძალოვნები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ გადამეტებულ ძალას, რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, ხმოვან ყუმბარებს, წყლის ჭავლს აქციების დასაშლელად. შემაშფოთებელია ჩვენთვის ისიც, რომ დღეს 6700 ადამიანია დაპატიმრებული", - აცხადებს თროსელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი კი მიიჩნევს, რომ ბელარუსზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

"აშკარაა, რომ სისასტიკე და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავება მიუღებელია 21-ე საუკუნეში. სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა.  ბოლო წლებში შეინიშნებოდა პოზიტიური ტენდენცია და იმედი მოგვეცა. მაგრამ რა გზითაც არჩევნები ჩატარდა და შემდეგ რაც მოხდა აღარ იძლევა სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას", - განაცხადა მაასმა.   

რუსეთში კი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დასავლეთს ადანაშაულებენ. 

"ვხედავთ აშკარა გარე ჩარევის მცდელობას ბელარუსის შიდა საქმეებში, საზოგადოებაში განხეთქილების შეტანისა და ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. იგივე არაერთხელ ვნახეთ სხვა ქვეყნებშიც. არეულობების ორგანიზებაში ეგრეთ წოდებული რუსული კვალის პოვნის ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 64, მისმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანმოვსკაიამ კი 14 პროცენტი მოაგროვა. მოქმედ ლიდერს დღეს წერილობით მიმართა ნობელიატმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა. ცნობილმა დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა კი პროტესტის ნიშნად ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ მიცემულ ორდენზე უარი თქვა.

 



 


close დახურვა