თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული. ამავე საავადმყოფოშია 14 დღის ჩვილი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მცირე ასაკიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშა იმყოფება.
საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს 25 წლის ორსული ქალიც, რომელსაც ვირუსი, სწრაფი ტესტის მეშვეობით, გუშინ დაუდგინდა. ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ორსულ ქალს განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს.
რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ 62 და 80 წლის პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კვლავ სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
"25 წლის ქალბატონია. არის 22 კვირის ორსული. მდგომარეობა მძიმე არ არის. თავს კარგად გრძნობს და კვლევები ტარდება. ორი პაციენტი იმყოფება აპარატურულ სუნთქვაზე. ერთი არის 80 წლის ქალი და მეორე 62 წლის ქალი, რომელიც მარნეულიდან ჩამოიყვანეს. მარნეულელი ქალის მდგომარეობა შედარებით უკეთესია", - განაცხადა ტურძელაძემ.
შეგახენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დადასტურდა. საკარანტინო ზონაში 4 505 მოქალაქე იმყოფება.