აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სამხედროები გაგზავნა.
"ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ ჩრდილო კორეელი ჯარები რუსეთში გაემგზავრნენ", - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს.
"ზუსტად რას აკეთებენ, ჯერ კიდევ გასარკვევია", - აღნიშნა მან.
უკრაინა და სამხრეთ კორეა ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, რათა შემდგომში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ. წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთში ათასობით ჩრდილო კორეელი სამხედროა.
წყაროს ინფორმაციით, რომელიც ვითარებას იცნობს, აშშ გეგმავს დაზვერვის მონაცემების გასაჯაროებას, რაც დაადასტურებს, რომ რუსეთში ათასობით კორეელი ჯარისკაცია განლაგებული. ამავე დროს, აშშ-ს არ სჯერა, რომ სამხედროებმა უკრაინას მიაღწიეს, თუმცა ამ ქმედებებმა ღრმა შეშფოთება გამოიწვია კონფლიქტის პოტენციურად სერიოზული ესკალაციის გამო.
ოსტინის თქმით, აშშ ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, რა როლს ითამაშებენ ჩრდილო კორეელები კონფლიქტში და გეგმავენ თუ არა უკრაინაში გამგზავრებას.
"თუ ისინი ომის თანამონაწილეები არიან, მათი განზრახვა არის ამ ომში მონაწილეობა რუსეთის მხარეს, ეს ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხია და მას გავლენა ექნება არა მხოლოდ ევროპაზე - არამედ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში", - თქვა ოსტინმა.