logo
ENG



ოცნება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებს

11 მაი 202313:57
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცენება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებს. აქედან გამომდინარე, ოცნებას ევროპარლამენტში მოკავშირე პოლიტიკური ძალა ოფიციალურად აღარ ეყოლება.

განცხადება ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთობლივად მიიღეს. 

"კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ჩვენი მოქმედება კრიტიკულად შეფასდეს იმ ევროპელი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის ქართული ოცნება. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა ორმხრივი კომუნიკაცია. ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი პარტია 2015 წლიდან არის ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას არ გაუკეთებია არც ერთი ხმამაღალი განცხადება ოცნების მხარდასაჭერად, მეტიც, რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. 

შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშავის - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არა თუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

გასული წლების განმავლობაში აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. ევროპის სოციალისტური პარტიის ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე როგორც ქართული საზოგადოების ხედვებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება", - განაცხადა კობახიძემ.

8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".


close დახურვა