ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ 2 კანდიდატურას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
კობახიძის თქმით, ამის მიზეზი ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურების კონსულტაციების გარეშე წარდგენაა. ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი "პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან".
"ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია ამ თემაზე, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სტანდარტული პრაქტიკა შემდეგი: როდესაც ორი ორგანოა ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილებას წინ ისწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში, ეს ერთი. მეორე - მე არ მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთ კანდიდატზე, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, მის ლიდერებთან მეგობრობა. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, ვის წარადგენს ქართული ოცნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, კობახიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ ჰქონიათ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები.
"ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს პრეზიდენტმა. ჯერ არ გვქონდა კონსულტაცია [კანდიდატის წარდგენაზე], ჯერ არის დრო კანდიდატის დასახელებისთვის, აგვისტოს ბოლომდე არის დრო. ჯერ არ გვაქვს არანაირი კონსულტაცია გავლილი, აქედან გამომდინარე, არ ვიცით", - ამბობს კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის ბიოგრაფიებს აქვეყნებს: გიორგი ბაქრაძე დიმიტრი ჯაფარიძე
საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო 13 ივნისს დაძლია.
***
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.
7 ივნისს, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".
ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.
ამავე განცხადებაში, ოცნებამ თქვა, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.
***
საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
- საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
- საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.
- ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.