ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას დეტალურად ასახავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი თავს ვეღარ დაიმშვიდებს, რადგან შეერთებული შტატებიდან უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურების, არამედ ინსტიტუციონალური კრიტიკა მიიღო.
„აქამდე „ქართული ოცნება“ ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი იყო პოლიტიკური და მოდიოდა პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციონალურ შეფასებაში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს ყველაფერი უკვე იცვლება და ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც საუბარია ყველა დაგროვილ პრობლემაზე. ამიტომ პოლიტიკური კრიტიკის პარალელურად, „ქართული ოცნება“ გადადის ახალ სიბრტყეზე, როდესაც ის უკვე იღებს ინსტიტუციონალურ კრიტიკას ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს, შედეგი მძიმე იქნება.
„თუ ხელისუფლება არ გადადგამს ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს, მაგალითად პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შებოჭვა და შემცირება, პოლიტპატიმრების გამოშვება, მათ შორის კონკრეტულად ამ საქმეების და სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მაშინ ხელისუფლება იქნება ძალიან მძიმედ პასუხისმგებელი იმ კუთხით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ანგარიშში ყველა ის ძირითადი პრობლემაა მოხსენიებული, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს.
„ჩვენმა ბრძოლამ სასამართლოს თავისუფლებისთვის და მცდელობამ, რომ ჩამოვხსნათ ნიღაბი სასამართლო სისტემას, კლანს, უკვე მოიტანა შედეგი. ეს ანგარიში და მასში ხსენებული დახასიათება ჩვენი სასამართლო სისტემის, სადაც არის ღიად ნახსენები კლანი, ლევან მურუსიძე, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცესი, აღწერილია როგორც დისფუნქციური და არაპროფესიონალური, როგორც გაუმჭვირვალე. ჩვენს ხელისუფლებას მიეთითა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ ჩვენი სასამართლო არ ფასდება როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში საქართველოში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია. შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა ე.წ. გავრილოვის ღამე, ივნისის მოვლენების დროს აქციის მონაწილეების დაკავებები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირება და პოლიტპატიმრების თემა.