logo
ENG



ოცნებამ აირჩია მართვის გზა, რომელიც პარლამენტს აკნინებს - თამარ ჩუგოშვილი

05 მაი 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ მთავრობას უნდა ესმოდეს მისი ძალაუფლების გაზრდის ეფექტები და უფრო მეტად იგრძნოს ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების პროპორციულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რადგანაც რიგი საკითხები გაურკვეველია, მთავრობამ უნდა აუხსნას როგორც პარლამენტს, ისე საზოგადოებას, რისთვისაა ეს ღონისძიებები საჭირო.

„მთავრობა უნდა მოსულიყო, მაშინაც როცა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება. ახლა გვესმის, რომ მაისის ბოლოს შესაძლოა კიდევ დადგეს ამის საჭიროება და სულ ნაკლები არგუმენტი გვესმის, რატომ. არის მთელი რიგი შეზღუდვები, რომელთა პროპორციულობა გაუგებარია და, ასევე, გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. უმრავლესობამ აირჩია გზა, რომელიც ინსტიტუტს აკნინებს და საზოგადოებასაც არ აძლევს საშუალებას, გაიგოს ზუსტი ინფორმაცია", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

წინასაარჩევნოდ მზადებას უწოდებს მიმდინარე პროცესებს ნინო გოგუაძე - „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი თვლის, რომ ამ გზით ხელისუფლება პოლიტიკურ დივიდენდებს იწერს ისე, რომ ასპარეზი სხვებისთვის ჩაკეტილია.

„ის პროგრამები, რომლებიც წარმოადგინა მთავრობამ - ამაში ვერ დაინახა ბევრმა ადამიანმა თავი. პარლამენტმა არ უნდა დაკარგოს კონტროლის როლი და ახლა დაკარგულია. მთავრობა მარტოა პოლიტიკურ სცენაზე და ყველა დივინდენდი მათ სახელს ეწერება. რაც უფრო გვიან გახსნის ამ ასპარეზს, შესაძლოა საარჩევნოდ ისევ მისთვისვე იყოს უკეთესი", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სოციალური დახმარების პაკეტთან დაკავშირებით აქვს კითხვები ბექა ნაცვლიშვილს - მისი თქმით, მთავრობამ ნებისმიერი ფორმით უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ კითხვებს.

„ის დახმარების პაკეტი, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, არის უსამართლო. ოცნების გუნდი ახლა თამაშობს ცალკარას და ეს იქნება ინტერპელაციის ფორმით, თუ სხვანაირად, აუცილებელია, რომ მთავრობამ პასუხი აგოს თავის ნაბიჯებზე", - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ იბარებს ინტერპელაციის წესით - კანონი გიორგი გახარიას ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას.


close დახურვა