logo
ENG



ოცნებამ ამნისტიის კანონის განხილვა გადადო, მიზეზად ენმ-ს დეპუტატების არდასწრება დაასახელა

08 ივნ 202115:24
3 წუთის საკითხავი
 
ოცნებამ ამნისტიის კანონის განხილვა გადადო, მიზეზად ენმ-ს დეპუტატების არდასწრება დაასახელა
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართულმა ოცნებამ 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვა ნაციონალური მოძრაობის არდასწრების მიზეზის მოხმობით გადადო. შესაბამისი ინიციატივა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააჟერა და თქვა, რომ უფრო სწორი იქნებოდა, დალოდებოდნენ ენმ-ს დეპუტატებს და მათთან ერთად განეხილათ ეს პროექტი. 

"ამნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე, მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ. მანამდე, გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი გარკვეულ დეტალებზე, იქნებ შევთანხმებულიყავით. ეს შეთანხმება სამწუხაროდ, ვერ შედგა. ჩვენ, ჩვენი მყარი პოზიცია გვაქვს ამაზე.

იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს ეხება ამნისტია, მათი მონაწილეების გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ, გადავდოთ დღეს ამნისტიის საკითხი", - თქვა მდინარაძემ. მის ამ შემოთავაზებას პროექტის ინიციატორი, ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატებიც დათანხმდნენ. 

დღეს, 8 ივნისის პლენარულ სხდომას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ ესწრებიან. ისინი პარტიის მთავარ ოფისში კონსულტაციებს მართავდნენ. 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს, ვინაიდან მათთვის 2019 წლის 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი კატეგორიულად მიუღებელია. 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

 


close დახურვა