logo
ENG



ოცნებამ ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ხახუბიას შვილი წარადგინა

22 თებ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ცესკოს გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

"გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში"- თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი 2022 წლის 27 ოქტომბერს იპოვეს.

დღეს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე კობახიძემ ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, თერჯოლის მერობის კანდიდატად კი მანუჩარ რობაქიძე.


close დახურვა