logo
ENG



ოცნებას ასპინძის და ადიგენის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ

13 ივლ 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/gustxvqj22l74vp.jpg

ქართულ ოცნებას ასპინძის და ადიგენის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ. ისინი ოცნებიდან წასულ დეპუტატებს - მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარს უერთდებიან.

ასპინძის საკრებულოს წევრის გია ჭელიშვილის თქმით, საქართველოში ევროპულ იდეას ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები აზიანებენ.

"ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც.მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები.

იყო ნაც.მოძრაობის მფარველი და ეხმარებოდა მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს, იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაც.მოძრაობა. ეს იყო - დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.

დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ.

ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო პარტია ქართული ოცნება და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი", - წერს ის.

პარტიას ამავე მიზეზით ტოვებს ადიგენის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი იმედა მღებრიშვილიც.

"ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოჰყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას. ადამიანები, რომელთა უცოდინარობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.
თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტობრივად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - წერს მღებრიშვილი.

მანამდე, ოცნებიდან წასულებს  ახალციხისლაგოდეხისჭიათურისგორისთერჯოლის და თელავის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.

დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და  საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს "უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე". შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული". 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი 8 ივლისს მისწერა. 

მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.


close დახურვა