ქართულ ოცნებას და თანამდებობას გორის საკრებულოს წევრი მიხეილ გოგინაშვილიც ტოვებს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.
გოგინაშვილი Facebook-პოსტში წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის დასმულ კითხვებზე ელჩის მხრიდან "შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ვნახეთ".
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უერთდება ხალხს "ვინც მეტის ლაპარაკს" აპირებს. მანამდე ოცნებიდან წასულ დეპუტატებს ახალციხის, ლაგოდეხის, ჭიათურის და თერჯოლის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.
"ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს... მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისცემულობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანას. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია "ქართულ ოცნებას" და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში"- წერს გოგინაშვილი.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი 8 ივლისს მისწერა.
მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".
პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო".
კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.