უტევს თუ არა კორონავირუსი „ქართულ ოცნებას“ - „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პარტიის 100 კაციანი სია ტესტირებისთვის კერძო ლაბორატორიაშია გაგზავნილი. რისკ-ჯგუფში არიან დეპუტატები კომოს ტბის სკანდალური ვიზიტიდან. ბიძინა ივანიშვილის გუნდის პანიკის საფუძველი ორი მიზეზი გახდა, ნომერ მე-15 პაციენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მეგობარია.
ასევე საეჭვოა მთავრობის მაღალჩინოსნის ის დაბადების დღე, რომელზეც მმართველი პარტიის წევრებთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირებული პირი იმყოფებოდა. ამ წვეულების შემდეგ იუბილარი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფდნენ კავშირს რისკ-ჯგუფებთან და არც იმაზე საუბარი სურთ, რატომ მიმართეს კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის კერძო კომპანიას.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, „ნომერი 15“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ახლო მეგობარი ბიზნესმენია. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე წინ შედგა; ერთხელ კოვიდ 19-ით დაავადებულის სახლში, მეორედ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრას მხოლოდ ოდიშარია არ ესწრებოდა. აქ „ოცნების“ სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. დეპუტატები, რომლებიც დასასვენებლად კომოს ტბაზეც ერთად იყვნენ. ამ საეჭვო გარემოებების მიუხედავად, არცერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ არის. ამტკიცებენ, რომ ინფიცირებული მეგობარი, რამდენიმე თვეა არ უნახავთ.
კახი კალაძე კიდევ უფრო შორს წავიდა - თქვა, რომ ბიზნესმენთან არ მეგობრობს და მასთან კომუნიკაცია 1 წელია არ ჰქონია. არადა კომოს ტბაზე „ოცნების“ წევრთა სკანდალური მოგზაურობა ნოემბერში შედგა.
გენადი არველაძე, რომელთან კომუნიკაციასაც „ოცნების“ წევრები კატეგორიულად უარყოფენ, ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. სოციალურ ქსელში ინფორმაცია 9 მარტს თავად გაავრცელა და იზოლაციის მიზეზები განმარტა. მას საეჭვო კავშირები ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან. არსებული ინფორმაციით, ეს დაავადებული სწორედ ის პაციენტი #15-ია . შეხვედრა 6 მარტს, დაბადების დღის წვეულებაზე შედგა. რომელსაც „ქართული ოცნების“ არაერთი წევრი ესწრებოდა.
ამ საეჭვო კავშირების გამო „ქართული ოცნება“ პანიკაშია. „ფორმულასთვის“ ასევე ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ლაბორატორიას 100 კაციანი სია გადაუგზავნა და კორონავირუსზე გამოკვლევა მოსთხოვა. ინფორმაციას „ოცნება“ საჯაროდ უარყოფს - მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივანი.
„ოცნების“ დეპუტატებს ინფიცირებულთან გადაკვეთის კიდევ ერთი წერტილი ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ, ისინი თანაგუნდელი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. აქ პაციენტი ნომერი 4 „გეფას“ ხელმძღვანელიც მივიდა. არ არის გამორიცხული, რომ პაციენტი ნომერი 15-ის დეპუტატ ოდიშარიას ახლობელი ბიზნესმენის - კომოს ტბის წვეულების მონაწილის დაინფიცირებაც სწორეთ აქედან მოხდა. ექიმები ადასტურებენ, მას კავშირი იტალიიდან დაბრუნებულთანაც ჰქონდა.